top of page

თათა მირიანაშვილი

დებიუტი

Writer's picture: თათა მირიანაშვილითათა მირიანაშვილი

Updated: Sep 7, 2020

ნოემბერი. გიორგობის თვე, თავისი სევდიანი სილამაზით. ხეზე შერჩენილი, ჩამოცვენილი, წითელ-ყვითელი ფოთლებით. შემოდგომისფერი.


მიყვარს მგზავრობა. ამ პერიოდში - განსაკუთრებით. არც სიცხე გაწუხებს, არც სიცივე. ფანჯარაში იხედები და შენს თვალწინ ულამაზესი ხედები ენაცვლება ერთმანეთს.

თბილისიდან ბათუმამდე დიდი გზაა, მრავალფეროვანი. პეიზაჟი კი-არა ამინდიც კი არ მეორდება. წვიმა, მზე, ნისლი. თითქოს ბუნება ცდილობს თავისი ყველა მშვენიერი მხარე გაჩვენოს და არ მოგაწყინოს.


მოწყენას არც ვაპირებდით. 9 ადამიანი, 19-დან 25 წლამდე, მსახიობები. მათი უსაყვარლესი რეჟისორი, დიდთან-დიდი, პატარასთან-პატარა. გარდა ამისა, გიტარა და ჩვენი ბავშვური, ლაღი, მხიარული ბუნება. უშრეტი ფანტაზია და იუმორის გრძნობა. ასე დაიწყო ჩვენი, სახალხო თეატრ „სხვენის“, ფანტასტიკური ხუთი დღე ბათუმში თეატრალურ ფესტივალლზე.


12 ნოემბერს დილის 9 საათზე გავემგზავრეთ და დაახლოებით ოთხი საათისთვის უკვე იქ ვიყავით. შემოდგომის სურათების უმშვენიერეს ფერებზე უკვე გიამბეთ, მაგრამ სულ სხვა შეგრძნება იყო , როდესაც ჰორიზონტზე ზღვა გამოჩნდა, ვებერთელა, თვალუწვდენელი და საოცრად მშვიდი, კეთილიც კი. ვუყურებდით მას შორს, შორს იოდის სუნით გაბრუებული. ამასობაში წინ გამოჩანდა ბათუმი, ქათქათა. სულ პატარა და სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზე. ჩვენც გულრწფელი სიხარულით შემოვძახეთ: „ბათუმს ქათქათას, ბათუმს თვალწარმტაცს..“



შევედით ქალაქში. მარცხნივ პოსეიდონის ქანდაკება, ოპერისა და ბალეტის თეატრი, ხელოვნების მუზეუმი, კულტურის ცენტრი. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგვირიგეს საშვები და 6 მაისის პარკთან ახლოს მდებარე სასტუმროში დასასვენებლად გაგვიშვეს. ყველა თავაზიანი და ყურადღებიანი იყო.


იმავე საღამოს უნივერსიტეტის ეზოში საზეიმოდ გაიხსნა სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი „დებიუტი“. უკრავდა არაჩევეულებრივი ბენდი, თეატრალურ კოსტუმებში, საზეიმოდ გამოწყობილი მსახიობები დააბიჯბდნენ დამსწრეთა შორის და განსაკუთრებულ განწყობას ქმნიდნენ.


სიტყვით გამოვიდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.


ფესტივალი ბათუმის დასის სპეკტაკლით გაიხსნა, შემდეგ დღეებში კი სცენა დავიკავეთ ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო თეატრმა „სხვენმა“ , ლატვიის ქალაქ ელგავას აგრარული უნივერსიტეტის, ლიტვის ქალაქ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თეატრებმა.


მინდა გითხრათ რომ არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც შენი მოვალეობა, თუნდაც რამდენიმე დღით ხდება მხოლოდდამხოლოდ სპეკტაკლებზე დასწრება და არაფერი სხვა. საქმიანობა რომ ესეთი სასიამოვნო შესასრულებელია ხომ წარმოგიდგენიათ თავისუფალი დროის გატარება რა იქნებოდა.


ქალაქის დათვალიერება, მოსმენა რატომ დაერქვა ამა თუ იმ ქუჩას ესა თუ ის სახელი. რომელი შენობა რა დაწესებულებაა. სადაა სიყვარულის ხეივანი, სად შეგიძლია გადააგდო ხურდა და ჩაიფიქო სურვილი. ათვალიერო საზღვაო აკადემიის ფორმაში გამოწყობილი ლამაზ-ლამაზი ბავშვები, მომავალი მეზღვაურები. დაჯდე ტბასტან, რომელსაც იმ ბავშვის სახელი ჰქვია, რომელიც მასში დაიხრჩო. მეხუმრენ კიდეც რომ თუ მოვინდომებდი შემეძლო ჩემი სახელიც დარქმეოდა, მხოლოდ სიცოცხლის გაწირვა იყო საჭირო.


ზაფხულგამოვლილი ხეების ნახვის შემდეგ ბათუმი სრულიად მწვანე დაგვხვდა იშვიათად თუ ნახავდით ხეს, რომელსაც შემოდგომა ეტყობოდა. ამინდის მხრივაც გაგვიმართლა, მზე გვიღიმოდა და გვათბობდა.


ზღვა საოცრად მშვიდი იყო. შემოდგომის მზის სხივებს ირეკლავდა და გასაოცარ სიმშვიდეს გგვრიდა. ნაპირზე ჩამომჯდარს, უკიდეგანო, ფართო ჰორიზონტისკენ მომზირალს შეგეძლო გეფიქრა ყველაფერზე და არაფერზე. ზღვას ყველაზე ღრმა ფიქრის დატევა შეეძლო. იზიარებდა შენს დარდს და თან გეუნებოდა, სანამ ყოველდღიურობიდან შორს იყავი შეგეძლო ყოველი წამი შეგერგო.


ერთ რამედ ღირს მზის ჩასვლისას ველოსიპედით სანაპიროზე სეირნობა. განსაკუთრებული შეგრძნება გეუფლება. თითქოს მზე შენთან ერთად სეირნობს, გაიხედავ და შენს სიმაღლეზეა, აღარაა მედიდური ზევიდან აღარ დაგყურებს, არ გწვავს. შემოდგომის თბილი მზეა, გემეგობრება. უკანასკნელ, თითქოს გულიდან წამოსულ სხივებს გაფრქვევს და გემშვიდობება.


ღამღამობით ზღვა მზის გარეშე ცოტას ნერვიულობდა, შფოთავდა, ვერ ისვენებდა. მაშინ ციოდა, მაგრამ საკმარისი იყო მისთვის ზურგი შეგექცია, რომ განათებული ღამის ბათუმი ზღვის საქციელის გამოსწორებას ცდილობდა. გიღიმოდა და შენც ვეღარ ბრაზდებოდი. მაშინ ზღვა გაბრაზებული კი არა პატარა ბავშვივით გაბუტული გეჩვენებოდა.


გვქონდა პატივი პროფესიონალებისგან აჭარული ცეკვაც გვესწავლა. ცეკვის მასტერკლასი ჩვენს ლიტველ და ლატვიელ მეგობრებზე იყო გათვლილი. ვერსდროს ვიფიქრებდი თუ ოდესმე ტრადიციული ქართული ცეკვის მოძრაობების ინგლისურად ვისწავლიდი. თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეეს.




არ გეგონოთ რომ ამხელა მანძილი მხოლოდ ნეტარებისა და ტკბობისთვის გავიარეთ. არამც და არამც! გიგი ქადაგიშვილი და ქეთევან ოქუაშვილი ქალისა და მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლებად გამოაცხადეს.




ქეთიმ მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, რომელიც კიდევ არაერთ ადამიანს შთააგონებს მეტი ენერგიითა და ძალით იარონ წინ საკუთარი მიზნებისკენ. განსაკუთრებული მადლობა, რაღა თქმა უნდა, ჩვვენს რეჟისორს ბატონ გოგი გომურაშვილს ხვდა წილად.


ჩვენს გაოცებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც პირველივე ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ, მეორე მეორე პრიზიც ჩვენმა თანადასელმა, გიგიმ, მიიღო. არც გიგის გაოცებასა და სიხარულს ჰქონდა საზღვარი. მოკლედ ნათქვამ მადლობაშიც ორჯერ გაუწყდა აზრი მოულოდნელი და დიდი ემოციისგან. აი ასე ვასახელეთ ჩვენი ქალაქი, უნივერსიტეტი და თეატრი.


ჟიურის გადაწყვეტილებით გრანპრის მფლობელ ლატვიის ქალაქ ელგავას სტუდენტური თეატრი გახდა. საუკეთესო თეატრალური ანსამბლის პრიზი ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტურ დასს ერგო. ფესტივალის აღმოჩენა ბათუმის დასის მსახიობი ელენე იმნაიშვილი გახდა .


დაჯილდოვება შერატონში გაიმართა. არაჩვეულებრივი მუსიკის, ღვინისა და კერძების ფონზე. დამსწრე მსახიობებმაც კარგად მოვილხინეთ და საღამოს დამაგვირგვინებელ ფეიევერკსაც მოჯადოვებულებმა ვუყურეთ.




ასე, თვალსა და ხელს შუა ჩაგვიფრინა მშენიერმა ხუთმა დღემ. ფესტივალ „დებიუტის“ დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა ფესტივალისთვის და ჩემი რეპორტაჟის სადებიუტო თემაც გახდა.




თათა მირიანაშვილი

24 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


Home: Blog2

©2018 by tata mirianashvili. Created with Wix.com

  • facebook
  • instagram
bottom of page