top of page

თათა მირიანაშვილი

  • Writer's pictureთათა მირიანაშვილი

შემოდგომისფერი

Updated: Sep 7, 2020


ღამის ათ საათს გადაცილებული იქნებოდა, მეტროში ხალხი შეთხელებულიყო. აქა-იქ კანტკუნტად ისხდნენ მგზავრები. ტრანსპორტიისთვის უჩვეულო სიმშვიდე გამეფებულიყო, თითქოს იცოდა ქალაქი იძინებდა და მყუდროების დაერღვევა არ სურდა.


ჩემი ყურადღება ერთმა ჭაღარა მამაკაცმა მიიქცია. მიუხედავად თეთრი თმისა მასზე მოხუცს ვერ იტყოდით. ჯერ კიდევ ძალ-ღონით სავსე, ახოვანი იყო. თმა და წვერი გათეთრებოდა, ვინ იცის იქნებ ნაადრევადაც კი. მაღალი იყო. ალბათ, ვაგონში შემოსვლისას თავს დახრიდა.


სახე გრძელი ჰქონდა. კიდევ უფრო უგრძელებდა მოვლილი წვერი, რომელზეც ფიქრის დროს (ან იქნებ არც ფიქრობდა) ხელს ისვამდა და ისწორებდა. თხელი, გაცრეცილი, ოდნავ მარჯვენა მხარეს მოქცეული ტუჩები წვერში ჩამალვოდა. დროგამოშვევით პირს მოკუმავდა და თავს გაიქნევდა, თითქოს რაღაც აზრი მოსვენებას არ აძლევდა.

თვალები ჭკვიანი, ახლო-ახლოს ჩასმული, ნაღვლიანი და დაღლილი ჰქონდა. მისი ჩავარდნილი უპეებიც ამას მოწმობდა.


წარბები შეკრული. ოღონდ არა ბრაზისგან, უფრო დარდისა და ნაღველისგან. მხოლოდ გვერდით გახედვისას ხსნიდა შუბლს, რომელიც დარბაისლურად ჰქონდა ცხოვრებისგან სამახსოვრო ნაოჭებით დასერილი. მისი პორტრეტი პატივისცემასა და რიდს იწვევდა. სახეზე სიკეთის კვალი ეტყობოდა.


საოცრად დიდი ხელები ჰქონდა. მისი სხეულისთვის პროპორციული, მაგრამ მაინც თვალშისაცემი. იფიქრებდით ოსტატს საგულდაგულოდ გამოუქანდაკებიაო.

მისმა გარეგნობამ უჩვეულოდ მიიპყრო ჩემი ყურადღება. იმ წამს ვიფიქრე, შესაძლებლობა, რომ მქონოდა სადმე გაყვითლებულ ჭადარებს შორის, ბაღის სკამზე დარდისა და ნისლში გახვეულს აუცილებლად დავხატავდი. თუ ბედი გამიღიმებდა, იქნებ მისი ისტორიაც მომესმინა.


მგონია, გრძელი ამბავი იქნებოდა, შემოდგომისფერი. მასავით გაზაფხულ-ზაფხულგამოვლილი, ფერშეცვლილი. ზამთარისთვის ღირსეულად თავმინდობილი.

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ჩვენი მგზავრი ადგა და ნელი ნაბიჯით სადგურზე ჩავიდა. მისი გასვლა არავის გაუგია და არავის დაუნახავს. კარებში თავი დახარა. სწორედ ისე, როგორც ვიფიქრე.


მთელი გზა სევდიანი ფიქრები ვერ მოვიშორე. ახალგაზრდები, სისცოცხლით სავსეები მომავალს შევყურებთ და ვერ ვხვდებით რას გვიმზადებს ცხოვრება. მხოლოდ ის ვიცით, რომ სიბერე გვაშინებს და კიდევ უფრო მეტად გვინდება სიცოცხლით დავტკბეთ, ვიკითხოთ, ვიმოგზაუროთ, განსაკუთრებული ადამიანები გავიცნოთ, გვიყვარდეს და ვუყვარდეთ მთელი გულით.


შემოდგომა წელში გაიმართა, ნოემბერმშვიდობისა.




54 views0 comments

Recent Posts

See All
Home: Blog2
bottom of page