©2018 by tata mirianashvili. Created with Wix.com

თათა მირიანაშვილი

Search
  • თათა მირიანაშვილი

რა აცოცხლებს ნახატს


პავლე ინგოროყვას 19 ნომერში სამი საგამოფენო დარბაზია. ერთერთი მათგანი ბაია გალერეაა. შესასვლელი გზის მხრიდან არ აქვს. ქვაფელინიანი დაღმართით ეზოში უნდა შეხვიდე, შემდეგ კიბეებზე ჩახვიდე და მარჯვენა მხარეს შუშის კარს დაინახავ. კარს თავად გიღებენ და გიშვებენ სივრცეში, რომელსაც პერიოდულად სხვადასხვა მხატვრის ნახატები იკავებენ.



17 ნოემბერს ალექსანდრე ვაშაყმაძის პერსონალური გამოფენის ჯერი იყო. კარიდან მარცხენა მხარეს პირველ ორ ნახატზე შუახანსგადაცილებული უთმო მამაკაცია გამოსახული. მათი ტანისამოსიც და ნახატის ფერიც მუქია. ყვრიმალები ამოსწევიათ, სახე ნაოჭებს დაუფარავს და სევდიანი თვალებით შემოგცქერიან. ამ ორი ემოციური პორტრეტის შემდეგ საგამოფენო დარბაზის კედლებს ენაცვლება პეიზაჟები, პორტრეტები და ნატურმორტები. შესვლისთანავე ხვდები, რომ გამოფენა ჟანრული მრავალფეროვნებით ხასიათდება და მაშინვე ინტერესი იღვიძებს შენში. გინდა იმწამსვე ნახო მთელი დარბაზი, ამავე დროს თითოეული მათგანისთვის თვალის მოწყვეტა გიჭირს და ფეხს ვერ იცვლი.


ჩემში ცნობისმოყვარეობამ იმძლავრა, მაშინვე თვალი მოვავლე ექსპოზიციას. რთული არ იყო დარბაზის შემოვლა, დიდი არ გახლავთ. როცა გამოფენაზე ზოგადი წარმოდგენა შევიქმენი, მაშინ შევნიშნე, რომ გალერეასთვის უჩვეულო გუგუნი ისმოდა. აქ არავინ დადიოდა ფეხაკრეფით და არც არავინ ჩურჩულებდა. შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყველა ყველას იცნობდა. ისინი გულითადად იკითხავდნენ ერთმანეთს და ეს მოკითხვა არ წყდებოდა. ეხუტებოდნენ, უღიმოდნენ და ესაუბრობდნენ ერთმანეთს. ფოტოებს უღებდნენ ნახატებს და თავადაც პოზიორობდნენ. ჭიქა თეთრი ღვინო კი დამატებით ხიბლს სძენდა დარბაზსაც, ნახატებსაც და საუბარსაც.


ნაწილი სივრცისა ეჭირა გრაფიკულ ნამუშევრებს ზოგიერთი მათგანი უჯრიან, მათემატიკის ფურცელზე, იყო შესრულებული. მათი უმეტესობა ასახავდა სამეურნეო სცენებს. თემა ჩინური ან იაპონური იყო. ადამიანთა ფიგურებს კონუსური ფორმის ქუდები ეხურათ და სხვადასხვა საქმით იყვნენ გართულები. მუხლებამდე წყალში მდგარი, ნამგლით და მცენარით ხელში ან სულაც მოსეირნე ფიგურები. გრაფიკულს კვლავ ფერწერული ნამუშევრები ენაცვლებოდა. წელიწადის სხვადასხვა დრო და სხვადასხვა ლანდშაფტი. ალვის ხეების ხეივანი, ოქროსფერი შემოდგომა, ქვიშიანი სანაპიროები, აფრიანი ნავები, ზურმუხტისფერი ტალღები, არქიტექტურა და ყვავილიანი გაზაფხული.


მხატვრის ძებნა დავიწყე, შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა საუბრობდა რა პერიოდში რისი ხატვა იტაცებდა. მხატვარი 24 წლის აღმოჩნდა, საშუალო სიმაღლის, კეხიანი ცხვირით, ღია ფერის თმით და კეთილი თვალებით. შავი როლინგი, მუქი ლურჯი პიჯაკი და ჯინსის შარვალი ეცვა. მეგონა მის ჩაცმულობაში რაიმე უჩვეულო იქნებოდა, თუმცა შევცდი. მხატვარი, რომელიც ამბობს რომ ის უბრალოდ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს ხატვის პროცესში, სხვა დანარჩენი, რაც ნახატს აცოცხლებს უფლისგან ბოძებულია გარეგნობას ყურადღებას, არც მიაქცევდა.


მალე პირველი მედიაწარმომადგენელიც გამოჩნდა ოპერატორის თანხლებით. მას კიდევ ორი ტელევიზია მოყვა, თან ერთდროულად. მხატვარი გულწრფელად, ხელებით საუბრობდა. ბედნიერი იყო და თითოეული სტუმრის ნახვა უხაროდა.


ჩემი ყურადღება ერთმა ნახატმა მიიპრო. მასზე ზღვის სანაპირო და ჩამავალი ოქროსფერი მზეა გამოსახული, სანაპიროზე ფრინველები დასეირნობენ. მათ გრძელი კისერი და ფეხები აქვთ. ხმელეთზე ფრინველების შავი სილუეტი ცაში მუქი ნაცრისფერი ღრუბლებითაა გაწონასწორებული. მზის უკანასკნელი სხივები კი სუსტად, მაგრამ, მაინც დასთამაშებენ ტალღებს. არეკლილი სხივები ჩამავალი მზის გარდასული დიდების ნიშანი გეგონება, ან იმედი მეორე დღეს ისევ გათენების. გადაღება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე მის წინ სულ ხალხი იდგა და საუბრობდა, ოღონდ ზურგით, ნახატს არ უყურებდნენ. ალბათ, ამიტომაც ჩამოვარდა ზედიზედ ორჯერ. როცა მესამედაც იგივე მოხდა ნახატის ჩამოვარდნით შეწუხებულმა ქალბატონმა მერამდენედ ჩამოვარდაო წამოიძახა. შუახანსმიტანებულმა მამაკაცმა ცალი ხელი დაავლო ნახატს და ნერვულად გააქანა მეორე ოთახში, სადაც სახელდახელოდ გაუკეთა საკიდი და თავის ადგილს დაუბრუნა.


გამოფენა საინტერესო აღმოჩნდა. მისი პეიზაჟები მზისსხივებითაა გამთბარი. მხატვარს აინტერესებს შუქჩრდილის თამაში. მზის სხივი როგორ ეცემა ხეს და როგორ აღწევს ნიადაგამდე. რაც მთავარია მის ნამუშევრებში ფერი იძენს შუქის ძალას და მზის სხივები, ჩამავალიც კი, თვალს გჭრის. პეიზაჟების გარდა აქვს პორტრეტული ნამუშევრებიც. მათზე სტუმრებმა ნაცნობებიც აღმოაჩინეს და ერთმანეთს ეუბნებოდნენ ვინ იყო დახატული. შორის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ერთმანეთის თავზე დაკიდებული ორი ავტოპორტრეტი. ორივე ღია ყავისფერ ფონზე შესრულებული. ერთი მათგანი პირდაპირ გიყურებდა, მეორეს თავი ოდნავ გვერდზე გადაეწია. ორივე მათგანს დიდი წყლიანი შავი თვალები ჰქონდა. საოცრად სევდიანი. თვალის მოშორება გიჭირდა და აშკარად ზემოქმედებდა მნახველზე.


წასვლამდე კიდევ ერთხელ შემოვიარე გალერეა. მზის სხივებით გამთბარმა ნახატებმა, გული გამითბო. შუშის კარი ამჯერად ჩემით გავხსენი. ცივ, განათებულ ღამის ქალაქში გამოვედი, თან სასიამოვნო შეგრძნება მომყვებოდა.

261 views
 
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now