top of page

თათა მირიანაშვილი

  • Writer's pictureთათა მირიანაშვილი

მოგზაურობა მშვნიერების სამყაროში

31 მაისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი, მულტიმედიური გამოფენა სახელწოდებით - IMMAGICA. ის XIV-XIX საუკუნეების იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებას ეძღვნება.



პროექციის საშუალებით მუზეუმის სტუმრები იხილავენ ისეთი დიდი იტალიელი ხელოვანების შემოქმედებას, როგორებიც არიან: ჯოტო დი ბონდონე, ლეონარდო და ვინჩი, სანდრო ბოტიჩელი, რაფაელ სანტი, კანალეტო, ბელოტო და კანოვა. ხმის, განათების, გამოსახულებებისა და მულტიმედიის ერთობლიობის შედეგად დამთავლიერებელს საშუალება ეძლევა იმოგზაუროს დროში. ეს პროეტქი შთაბეჭდილებების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების ახლებური და ყველასთვის გასაგები ხერხია.


გამოფენას სამი პავილიონი ეთმობა. პირველ მათგანში სენსორულ ეკრანებზე ნამუშევრების დეტალური დათვალიერებაა შესაძლებელი. მათ თან ერთვის დამატებითი ინფორმაცია ავტორზე, მუშაობის მანერასა და თავად ხელოვნების ნაწარმოებზე.

შემდეგი სივრცე უკავია 5 დიდ ეკრანს. მათზე თანადროულად ჩნდება ერთი კონკრეტული ნამუშევრის ფრაგმენტები, რაც ხელს უწყობს დეტალების უკეთ წარმოჩენას. ამასთან ერთად სტუმრებს შეუძლიათ დაბრძანდნენ და მუსიკის თანხლებით ყურსასმენით მიიღონ ინფორმაცია ნამუშევრისა და ხელოვანის შესახებ.


გამოფენაში ჩართულია ვირტუალური ტექნოლოგიებიც. სპეციალური სათვალის გამოყენებით შეგიძლია კანალეტოსა და ბელოტოს რეალობაში "შეაბიჯო," აღმოაჩინო ის სავარაუდო სცენები, რომლებსაც მხატვრები ხედავდნენ მუშაობის პროცესში.

მუზეუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წამყვანი ტექნოლოგიებით შექმნილი მულტიმედიური ექსპოზიცია კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის სფეროში მომუშავე სამი იტალიური კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგია. გამოფენის იდეა გაჩნდა იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული სემინარების ციკლის შედეგად, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების გამოყენების თემას ეძღვნებოდა. ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება.



გვანცა გოგიაშვილი, დამთვალიერებელი:

"ვფიქრობ, ეს საუკეთესო საშუალებაა დამთვარიელებელმა ნამუშევრების ვიზუალურად აღქმასთან ერთად გაიგოს თითოეული დეტალის მნიშვნელობა და სხვა თვალით შეხედოს მას. კიდევ უფრო საინტერესოა სიმბოლური დატვირთვები, რასაც ჩვეულებრივ არ დავაკვირდებოდი. გაცოცხლებულ ნახატებს კი, პირდაპირ მხატვრის რეალობაში შევყავართ."


გიორგი ხიზანიშვილი, ხელოვნებათმცოდნე:

,,მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში ხელოვნებასა და ინოვაციებში" - სათაური სრულიად ასახავს გამოფენის არსსა და კონცეფციას. ეს ექსპოზიცია არის ვირტუალური და შთამბეჭდავი მოგზაურობა დროში, რომელიც გვეხმარება ძველი ეპოქის აღქმასა და უკეთ შემეცნებაში. გამოფენაზე მისული მნახველი XIV საუკუნიდან XIX საუკუნეების ჩათვლით იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებას ეცნობა. მსგავსი ღონისძიება ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლეა, ვინაიდან მსგავსი მასშტაბის გამოფენები არ ეწყობა ჩვენთან, რადგან ევროპის მუზეუმები ბევრად განვითარებულია. ამ ტიპის გამოფენები შეუწყობს ხელს ადამიანთა ცნობიერების გაზრდას და დააახლოვებს მუზეუმთან, აღძრავს ინტერესს მნახველში და კიდევ უფრო მეტად შეიმეცნებს და შეიყვარებს ხელოვნებას. ამის საშუალებას ეს გამოფენა ნამდვილად იძლევა, კიდევ უფრო მეტად ეზიაროს დიდ ხელოვნებას.“

31 views0 comments
Home: Blog2
bottom of page