top of page

თათა მირიანაშვილი

ბუკინისტები თბილისში

Writer's picture: თათა მირიანაშვილითათა მირიანაშვილი

Updated: Jan 22, 2021


ვისაც წარსულში ქექვა გიყვართ, თბილისის ქუჩებში უნდა გაისეირნოთ. აქ შეხვდებით ძველ, ზაფხულში მზისგან გახუნებულ, ზამთარში სიცივისგან გაყინულ, გასაყიდად გამოფენილ სქელ და გაცვეთილყდიან წიგნებს.


საბჭოთა დროინდელ რუსული თუ ქართული გამოცემის იშვიათ ეგზემპლარებს მყიდველი თითქმის არ ჰყავს. წიგნებს წლების განმავლობაში ათასობით გამვლელის სიახლოვე, მზერა, შეხება უგრძვნია, თუმცა ადამიანები მიდიან, წიგნები კი ისევ ქუჩაში რჩება.


თანაც ისე ბუნებრივად ერწყმის თბილისის მთავრ ქუჩებს მოხუცი ბუკინისტების კუთხეები, გეგონებათ მათთვის სივრცეები სპეციალურად შეურჩევიათ.


სიცხესა და სიცივეში, ზოგჯერ წვიმასა და თოვლშიც კი, ბუკინისტები ქუჩებში დგანან და მყიდველებს ელოდებიან. ზამთრის სიცივის დასამარცხებლად უამრავი ტანსაცმელი აცვიათ, წვიმის დროს კი პოლიეთილენის პარკებს ეფარებიან და წიგნებსაც აფარებენ.


ქუჩაში მდგომი ბუკინისტების უმრავლესობა ხანშიშესულია. მათ ზუსტად იციან რომელი წიგნი სად დევს. თუ რაიმეს ჰკითხავთ წიგნებზე ან ავტორებზე ყოველთვის მონდომებით მოგიყვებიან. თუ თქვენთვის სასურველი წიგნი არ აქვთ დროს არ დაგაკარგინებენ, არც იმას ეცდებიან სხვა გაყიდინონ.


ბუკინისტები ქალაქს იშვიათი ლიტერატურით ამარაგებენ. მათთან შეხვდებით წიგნებს, რომლებიც უკვე აღარ იბეჭდება და სხვა ვერცერთ მაღაზიაში ვერ იპოვით. ზოგი მათგანი სულ მცირე რაოდენობით დაბეჭდილი, საკოლექციო ეგზემლიარი არის.


ქუჩაში ნაყიდ წიგნში მასში მოყოლილი ამბის გარდა, თავად წიგნის ისტორიასაც ამოიკითხავთ. ვინ ან როდის იყიდა, ვის ან რატომ აჩუქა. შესაძლოა ავტორის ავტოგრაფიც იპოვოთ. აი, ფასები კი იმაზე გაცილებით დაბალია ვიდრე გგონიათ და ვიდრე რომელიმე წიგნი იმსახურებს.


ასე მყიდველის მოლოდინში გადის დრო ბუკინისტებისთვის და წიგნებისთვის, რომელთაც მოგონებებით სავსე დარდისა და შემოდგომისფერი ფურცლები აქვთ.







582 views0 comments

Comentários


Home: Blog2

©2018 by tata mirianashvili. Created with Wix.com

  • facebook
  • instagram
bottom of page