top of page

თათა მირიანაშვილი

  • Writer's pictureთათა მირიანაშვილი

ნიკო ფიროსმანი - "მეთევზე"





ნიკო ფიროსმანაშვილი 1862 წელს კახეთში, სოფელ მირზაანში დაიბადა. როგორც ამბობენ, მის შესახებ ცნობების შეგროვება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს. პატარა ნიკალამ რვა წლის ასაკში მამა დაკარგა, დედამ კი შვილი თბილისში ერთერთ ოჯახში მსახურად გაგზავნა. ის სიცოცხლის განმავლობაში სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული. გახსნა ფერწერის სახელოსნო, მუშაობდა რკინიგზის სადგურში დარაჯად, ჰქონდა დუქანი და რაც მთავარია ხატავდა. ხატავდა აბრებს სამიკიტნოებისთვის და დუქნებისთვის, პორტრეტებს, ცხოველებს, ყოფითი ჟანრის სცენებს. ცნობილია "აქტრისა მარგარიტასთან" დაკავშირებული რომანტიკულ-ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია, თუმცა არასდროს ჰყოლია ოჯახი. ის 56 წლის ასაკში, მარტო კიბის ქვეშ გარდაიცვალა. დღეს ამ ქუჩას მისი სახელი ჰქვია, სახლის შესასვლელს კი ამშვენებს აბრა, რომელზეც მითითებულია, რომ აქ ცხოვრობდა ცნობილი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი. მისი საფლავი დღესაც უცნობია.


ნიკო ფიროსმანი თვითნასწავლი მხატვარია, მას ხშირად პრივიტივისტ მხატვრად მოიხსეინიებენ, თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ხელოვნებაბათმცოდნეთა გარკვეული ნაწილი, მათი მოსაზრების გასამყარებლად მთელი რიგი არგუმენტებიც არსებობს. ნიკო ფიროსმანს მინიმალისტ მხატვარად მოიხსენიებენ და საკმაოდ დამსახურებულადაც, ის მინიმალური მხატვრული ხერხებით მაქსიმალურ მხატვრულ გამომსახველობას აღწევს. რამდენიმე მონასმი და ჩვენ წინ ცოცხლდებიან ადამიანები, ცხოვრელები.


ნიკალამ "მეთევზე" 1908 წელს შექმნა. ის წარმოედგენს ჰორიზონტალური მართკუთხედის ფორმიის, დაზგურ ნამუშევარს, რომელიც შესრულებულია ზეთით მუშამბაზე, ეს არის ქსოვილი, რომელის ერთი ან ორივე მხარე დაფარულია წყალგაუმტარი ფენით. მისი ზომებია 93 × 113 სმ.



ნაწარმოებზე "მეთევზე" გამოსახულია შავფონზე მაყურებლისკენ ანფასში მდგომი მამაკაცი, ერთ ხელში სათლით, მეორეში კი თევზით. ის წვივებამდე წყალში დგას, შავი შარვალი მუხლებამდე აქვს აწეული, მისი წითელი გრძელმკლავიანი ზედა მარცხენა მხარეს ღილებით არის გაწყობილი, თავზე კი ყვითელი ქუდი ახურავს. თუ მისი მუქი შავი თმით, წარბებითა და ულვაშით ვიმსჯელებთ მამაკაცი ახალგაზრდა უნდა იყოს, ყურადღებას იქცევს დიდი მუქი ფერის თვალები. შთაბეჭდილება მრჩება რომ ის გარკვეულ საკითხზე ფიქრობს, პასუხს ეძებს და ამავდროულად ჩვენგან რაღაცას ელოდება ამიტომაც გვიჭირს თვალის მოშორება მისი მზერისგან. ალბათ ამას გულისხმობენ, როცა ფიროსმანის შემოქმედებაში ხედავენ ქართული ხატწერის გავლენას.


სასურათე სიბრტყის ერთადერთი და მთავარი ფიგურა მეთევზეა, უდიდეს ნაწილს იკავებს და კომპოზიციური და აზრობრივი ცენტრიც ის გახლავთ. ხედვის წერტილი ოდნავ ქვევიდან აქვს ავტორს აღებული. ვინაიდანაც გამოსახულია ერთი ჰორიზონტალურად მდგარი გამართული ფიგურა, ისიც ცენტრში ნაწარმოები აბსოლიტურად გაწონასწორებული და სიმეტრიულია. ჭარბობს სტატიკა, თუმცა მკვეთრი ფერების წყალობით ნახატი ცოცხალია და ყურადღებას იქცევს. ნაწარმოები შეგვიძლია დავყოთ ორ პლანად, პირველ მათგანზე მეთევზე თავისი მიკრო სამყაროთი, რომელსაც სათლი, თევზი, დაბალი წყალი და რამდენიმე მცენარე შეადგენს და მეორე - იდუმალი და შორეული უკუნითი სიბნელე. ნახატში იგრძნობა ხაზოვანი საწყისი, მნიშვნელოვანია ნახატი, კონტურები მკვეთრი და ნაკლებად დანაწევრებულია. მოცულობას, რაც შეეხება მიღწეულია ფერის საშუალებით. ცნობილია რომ ფიროსმანი შავ მუშამბაზე მუშაობდა და მოცულობას ფერით ქმნიდა. სადაც მუქი ნაწილი სჭირდებოდა იქ უფრო მეტ საღებავს იყენებდა, ხოლო, სადაც ღია, პირიქით -ნაკლებს. ასე იძერწებოდა მოცულობა მის ნამუშევრებში.


ერთგარი სცენური განათების ეფექტს ვხედავთ, როცა მსახიობი ავანსცენაზე დგას და მხოლოდ ის არის განათებული, ის არის მნიშვნელოვანი და სხვა ყველაფერი უბრალოდ არ არსებობს. ასე დგას მებადურიც მაყურებლის წინაშე ღია და მზა ხალხთან შესახვედრად. სინათლის წყარო უცნობია. ვხედავთ ბლიკებს, მას აქ ფორმის გამოხატვისა და წარმოჩენის როლიც აკისრია, სწორედ ასეთი ბლიკისებური რამდენიმე თეთრი მონამითაა წარმოჩენილი თევზი, შარვალი, წყალი. ბლიკებს ვხედავთ სათლზე, წიათელ ზედაზე და ბალახზეც. კოლორიტი კონტრასტულია, მუქი დიდი წითელი და ყვითელი ლაქები ერთბაშად იქცევენ ყურადღებას, მხოლოდ შემდეგ ვხედავთ მეთევზის საინტერესო და მრავლისმთქმელ სახეს.


ნიკო ფიროსმანის შემოქმედება საკმაოდ მარტივად გვეჩვენება. მაგრამ თუ დავაკვირდებით კიდევ და კიდევ ახალ-ახალ რაღაცეებს აღმოვაჩენთ, რაც დაგვაფიქრებს და პასუხის გაცემაც გაგვიჭირდება. მეთევზე გამოსახულია დღისით თუ ღამით ? ჩვენ გვიყურებს თუ სივრცესა და დროში იყურება ? პორტრეტია თუ მეთევზის განზოგადოებული სახე ? რატომ მეთევზე ? თევზი ხომ ქრისტიანობის უძველესი სიმბოლოა. რატომ ახურავს მაინცდამაინც ყვითელი ქუდი, რატომ მოგვაგონებს შარავანდენდს ?


ნიკო ფიროსმანაშვილის ამოწურვა საკმაოდ რთულია. ქრისტიანული ჰუმანიზმით გაჟღენთილი, ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე ცხოველების, ყოფითი სცენების მუდმივი სიცოცხლის მიმნიჭებელი მხატვარი არ შეიძლება პრივიტივიზმს მივაკუთვნოთ, ის ის დიდი და მნიშვნელოვანი ფიგურაა ფერწერის ისტორიაში.




თათა მირიანაშვილი




2,787 views0 comments
Home: Blog2
bottom of page