რენესანსის პერიოდის იტალიელი მხატვარი პიეტრო პერუჯინო დაიბადა 1446 წელს. მან განათლება ფლორენციაში მიიღო, ცხოვრობდა და მუშაობდა იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, ყველაზე აქტიურად კი პერუჯაში, (სწორედ ადგილიდან გამომდინარე უწოდეს პერუჯინო) აქ ჰქონდა დიდი სახელოსნო. მის მოწაფეებს შორის ყველაზე უფრო სახელგანთქმულია რაფაელი.
მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია „წმინდა პეტრესთვის გასაღებების გადაცემა.“ ფრესკა ვატიკანში, პაპ სიქსტის კაპელაში, ჩრდილოეთ კედელზეა გამოსახული და ბიბლიურ სცენას გამოხატავს. ქრისტე პეტრეს ეუბნება, რომ ის კლდეა, რომელზეც ეკლესია აშენდება და აძლევს ცათა სასუფევლის გასაღებს. პეტრეს მის წინაშე მუხლი მოუდრეკავს, ერთი ხელით გასაღებს ართმევს მეორე გულზე აქვს მიდებული. ეს ორი პერსონაჟია მრავალფიგურიანი ნაწარმოების კომპოზიციური და შინაარსობრივი ცენრი. წინა პლანზე მათ მარჯვნივ და მარცხნივ არიან სხვა მოციქულები შარავანდენდით და, ალბათ, მხატვრის თანამედროვე ადამიანები. მათი ჩაცმულობა განსხვავდება ქრისტესა და მოწაფეებისგან, თუმცა თვალშისაცემი არ არის, რადგან ისინი გვერდებსა და მოწაფეების უკან დგანან.
მეორე პლანზე ქრისტეს ცხოვრების კიდევ ორი სცენაა გამოსახული. მარცხნივ ხარკის აკრეფა, მარჯვნივ კი ქრისტეს ჩაქოლვა. მესამე პლანზე არქიტექტურულ ფონს ვხედავთ. ცენტრში ტაძარი დგას უზარმაზარი ოქროსფერი გუმბათით, მის გვერდებზე კი ორი ტრიუმფალური თაღი. შენობების უკან მოჩანს ლურჯი ცა თეთრი ღრუბლებით და ლურჯი მთები. ტრიუმფალურ თაღებსა და ტაძარს შორის სივრცეს ხეები ავსებს. ისევე, როგორც პირველსა და მესამე პლანს შორის, უზარმაზარ, თეთრი ფილებით მოფენილ მოედანზე გამოსახული ორი სცენა ქრისტეს ცხოვრებიდან.
ფრესკის ლურჯი და ცისფერი ფერები ცა, მთები და ფიგურათა ტანისამოსი გაწონასწორებულია ტაძრის ოქროსფერი გუმბათით და ასევე ფიგურათა ტანისამოსით. ტანისამოსს, რაც შეეხება, ფიგურათა მოსასხამები, განსაკუთრებით ქვედა ნაწილი, რომელიც ხელით უჭირავთ, დიდი ჰორიზონტალურად მიმართული ნაკეცებითაა დაფარული. ტანისამოსის მსგავსი გამოსახვა ავტორს განათებული და მუქი ადგილების უკეთესად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. ტანისამოსიც უფრო რეალიტური და წონადია.
ემოციურ ფონზე რომ ვისაუბროთ, ცენტრალურ ფიგურათა გამომეტყველება შეესაბამება სიუჟეტს. ქრისტეს სიმშვიდე, თავდაჯერებულობა ჩანს მის პოზაშიც, თავისუფალი დგომა, ერთფეხს დაყრდნობილი, მეორე მუხლი მოხრილი, გასაღებს იმ ხელით აწვდის, რომელიც ფრესკის მნახველის მხარესაა, ეს პოზა მის სხეულს კრავს და ფარავს, მას სიმშვიდესთან ერთად იდუმალებასაც ჰმატებს. პეტრე დაჩოქილი ართმევს გასაღებს იესოს, მის პოზაში თავმდაბლობა, პასუხისმგებლობის შეგრძნება, დაკისრებული ვალდებულების სიმძიმე და ამასთან ერთად ბედნიერება იკითხება, გულზე მიდებულ ხელში კი მადლიერების გრძნობა. მოციქულთა ნაწილი გასაღებსი გადაცემას უყურებს, საითკენაც უნდა იყოს მიმართული მზერა. თუმცა ვხედავთ მოცუქულებს, რომლებიც უკან იყურებიან, თავი აქვთ დახრილი ან მნახველისკენ აქვთ მიმართული მზერა.
თათა მირიანაშვილი
Comments