![](https://static.wixstatic.com/media/2da969_5643d1f4d1da4b96add357a675f2c66f~mv2.jpg/v1/fill/w_889,h_907,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/2da969_5643d1f4d1da4b96add357a675f2c66f~mv2.jpg)
დომენიკო გირლანდაიო ადრეული რენესასნსის ეპოქის ფლორენციელი მხატვარია. "მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა" მან 1491 წელს შექმნა, (თარიღი ფრესკის მარცხენა ქვედა კუთხეში იკითხება). დღეს ის პარიზში ინახება, თუმცა თავდაპირველად ფლორენციის, პაზის, წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესიას ამკობდა. ნამუშევარი წარმოადგენს კვადრატის ფორმის, ტემპერით შესრულებულ ფრესკას. ფრესკაზე გამოსახულია სახარებისეული სცენა. მას შემდეგ, რაც მარიამმა გაიგო, რომ ის გახდებოდა უფლის რჩეული გადაწყვიტა ელისაბედის მონახულება, რომელიც უშვილო იყო და ანგელოზისვე სიტყვით ყრმას ელოდებოდა. როგორც სახარებაშია მოთხრობილი შეხვედრისას სასწაული მოხდა. ელისაბედი სულიწმინდის მადლით აღივსო და იწინასწარმეტყველა, რომ მარიამი გახდებოდა დედა ღვთისა. მან მარიამს მიმართა - "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა." ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენენ ღვთისმშობელი და მის წინაშე მუხლმოყრილი წმინდა ელისაბედი. ცენტრალური ფიგურების მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახულია კიდევ ორი ქალის ფიგურა, რომლებიც არიან მარიამ კლეოპა და სალომეა. შეხვედრის სცენა გამოსახულია თაღით გახსნილი ნაგებობის ინტერიერში. თაღის მიღმა კი ჩანს არქიტექტურული ნაგებობები. ახალგაზრდა ღვთისმშობელიცა და ხანში შესული ელისაბედიც ნარინჯისფერ ტანისამოსში არიან გამოსახული. მარიამს შავი მოსასხამი თეთრი და ნარინჯისფერი ქვებით შემკული გულსაბნევით შეუკრავს. მის წინაშე მუხლმოყრილი ელისაბედი ყვითელი ფერის მოსასხამშია წარმოდგენილი, რომელსაც კიდეებში ნაზად მოხატული შავი არშია მიუყვება. ორივე მათგანს თავსაბურავი აფარია და თითქმის შეუმნეველი ოქროსფერი ნიმფი ადგას თავზე. ღვთისმშობლს გამჭირვალე თავსაბურავიდან აწეული, ღია ფერის თმა მოუჩანს. ელიზაბედის კი რამდენჯერმე აქვს თავზე შემოვლებული თეთრი თხელი ქსოვილი. მარცხენა მხარეს მუქი ფერის კაბასა და მოწითალო მოსასხამში გამოსახული ქალბატონი მარიამ კლეოპაა. ის განზე, მარხნივ, იყურება. ერთი ხელით მოსასხამი უჭირავს, მეორე კი გულზე აქვს მიდებული. მასაც ისეთივე თავსაბურავი აქვს, როგორიც ცენტრალურ ფიგურებს. ასეთივეა მარჯვნივ მდგომი სალომეას თავსაკრავიც. მას ნაცრისფერი კაბა და აგურისფერი მოსასხამი მოსავს. ელისაბედს უყურებს და თითქოს ლოცულობს, ხელისგულები და თითები ერთმანეთს მიუდია. ნაწარმოების სტილი რეალისტურია. ტიპური ადრეული ხანის რენესასნსისთვის დამახასიეთებელი დეტალიზებული, ზედმიწევნითაა გადმოცემული კაბა, მოსასხამი, კანი, თმა, კედლი, ფრიზი, თაღი და უკან გაშლილი პეიზაჟი. იგრძნობა საგნებისთვის დამახასიეთებელი ფაქტურაც. რაც შეეხება კომპოზიციურ გადაწყვეტას, ხედვის წერტილი არის პირდაპირ. ფრესკას კომპოზიციურად კრავს კედელი, რომლის ცენტრში არის გაჭრილი თაღი. თაღის წინ გამოსახულია მარიამი და ელისაბედი, რომლებიც წარმოადგენენ ნაწარმოების კომპოზიციურ და აზრობრივ ცენტრს. ისინი ქმნიან სამკუთხედს, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული იმ პერიოდის ( და არა მხოლოდ) მხატვრობაში. ფრესკა ორივე მხარეს გაწონასწორებულია კიდევ ორი ფიგურით. ნამუშევარი შეგვიძლია დავყოთ სამ პლანად. ყველაზე შორი პლანი არის არქიტექტურული პეიზაჟი, რომელიც თაღიდან ჩანს. შემდეგ შუა პლანზე წარმოდგენეილი არიან მარიამ კლეოპა და სალომეა, მათ წინ კი ყველაზე ახლო პლანი მარიამს და ელისაბედს უკავიათ. კარგად იკითხება ხაზოვანი პერსპექტივაც, რომელიც, სადღაც შორს პეიზაჟში იკვრება. იგრძნობა ჰაეროვანი პერსპექტივაც და აშკარად ჩანს თუ კედლის დეკორსა და ქალაქის ხედს შევადარებთ. ნამუშევარში იგრძნობა ხაზოვანი საწყისი. მნიშვნელოვანია ნახატი, მკვეთრი, ნაკლებად დანაწევრებული კონტურებით. მოცულობა იგრძნობა და მიღწეულია განათებით, განათებული და ნაკლებად განათებული ადგილების მონაცვლეობით. სინათლე მარცხენა მხრიდან უნდა ეცემოდეს, თუმცა არ ჩანს სინათლის წყარო, ეს არ არის თაღიდან შემომავალი სინათლე. სინათლე არც მკვეთრია და არც კონტრასტული, გაფანტულია და არის მსუბუქი ჩრდილები. წამყვანი როლი ენიჭება ნახატს ადა არა კოლორიტს, რაც დამახასიეთებელია ადრე რენესასნსისა და ფლორენციული სკოლისთვის. კოლორიტი თბილი და ნათელია. გამოყენებულია ლოკალური ფერები, მხატვარი იყენებს დიდ ლაქებს და არა პატარა მონასმებს. მონასმები და შესაბამისად ნამუშევრის ზედაპირი გლუვია. ნაწარმოების გამოსახვის საშუალებები შეესაბამება ეპოქისა და ქვეყნის ხელოვნებას. ჩემი აზრით, პერსონაჟები სიუჟეტისგან გამომდინარე, ბედნიერებისგან გაბრწყინებულები უნდა იყვნენ. მარიამი ღვთისგან რჩეულია დედათა შორის, უნდა შვას კაცობრიობის მხსნელი, ელისაბედი კი ქორწინებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ ხდება დედა. ფიგურების ემოცირი მხარე თავშეკავებული და განზოგადოებულია. თითქოს დროსა და სივრცეში გაყინული.
თათა მირიანაშვილი
Comments