სულხან სალაძის წიგნის „უცნობი ძველი აჭარას“ პრეზენტაცია.
წიგნის წარდგენა 19 ოქტომბრის საღამოს თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა. ბაღიდან შესულს სასიამოვნო გარემო დაგხვდებოდათ, მუსიკისა და ღვინის თანხლებით. ღონისძიება რვის ნახევარზე იყო დაგეგმილი, თუმცა ხალხმა შეკრება უფრო ადრე დაიწყო. ავტორიც უკვე არიგებდა წიგნებზე ავტოგრაფებს და ჟურნალისტებსაც ესაუბრებოდა.
ავტორის მცირე ნერვიულობა პირველ სიტყვებთან ერთად გაქრა. მიმოიხილა წიგნზე მუშაობის დაწყების მოტივი, პროცესი და მიზანი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წერისა ბაბუა და სოფელში გატარებული ბავშვობა აღმოჩნდა. სულხან სალაძის თქმით აჭარა მხოლოდ ბათუმი არ არის, უფრო დიდი და საინტერესოა, განსხვავდება ზემო და ქვემო აჭარაც კი. ნაცნობ ადგილებში მოხვედრისას ყოველთვის ხედავდა, რაღაც ისეთს რის შესახებაც საუბარი სურდა.
სულხანი პროფესიით იურისტია. მუშაობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ფოტომოყვარული, ძველი წიგნებისა და რუკების კოლექციონერია. 2016 წლიდან გაზეთ „ბათუმელებში“ რუბრიკა „კულტურულ მეხსიერებაში“ წერდა სტატიებს. როგორც ამბობს ძნელი იყო გაბნეული და ზედაპირული ინფორმაციის პოვნა. მალე სტატიების წიგნად გამოცემის იდეაც გაჩნდა და ორი წლის შემდეგ რეალობადაც იქცა.
„უცნობი ძველი აჭარა“ გაზეთმა „ბათუმელებმა“ გამოსცა 2018 წლის სექტემბერში. ის გაზეთის რიგით მესამე მესამე წიგნია „ბათომის“ და მოგზაურობა ძველ ბათუმში“ შემდეგ.
წიგნში მოთხრობილია 40 ძველი ამბავი აჭარის შესახებ. დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, ძირითადად XX საუკუნის 20-30-იან წლებში გადაღებული მაღალმთიან აჭარაში. დიდი ნაწილი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მინის ნეგატივების არქივშია დაცული და მკითხველი პირველად იხილავს. მათში ასახულია საბჭოთა კავშირის პერიოდის პირველი ეთნოგრაფიული მოგზაურობა. ასევე უფრო ადრინდელი წერილები და ღია ბარათები.
პრეზენტაციზე მისულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ბათუმის ყველაზე ძველი გრაფიკული ჩანახატი. ის არ არის წიგნში შესული. შესრულებული უნდა იყოს ყირიმის ომის დროს. სულხან სალაძის თქმით აჭარლებმა ყველაზე მძიმე პერიოდში თავშესაფარი სიმღერაში ჰპოვეს, სწორედ ამიტომ ღონისძიების მიწურულს ანსამბლმა „ერისამ“ 3 სიმღერა შეასრულა.
![](https://static.wixstatic.com/media/2da969_81a0a39297074944b279a1f4d722659e~mv2_d_4608_3456_s_4_2.jpg/v1/fill/w_980,h_735,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/2da969_81a0a39297074944b279a1f4d722659e~mv2_d_4608_3456_s_4_2.jpg)
კითხვაზე თუ რით არის მისი ნამუშევარი გამორჩეული სულხან სალაძე გვპასუხობს - „წიგნი გამორჩეულია, ალბათ, იმით რომ მრავალფეროვანი თემატიკისაა, ბევრ საკითხს ეხაბა და არ არის ფოკუსირებული მხოლოდ ერთ თემაზე: ეთნოგრაფია, ფოლკლორის ელემენტები, ძველი ბათუმური პრესა. ასევე სხვა თემატიკის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მეტწილად პოლიტიკასთან, მუჰაჯირობასთან, სხვადასხვა პერიოდის ბრძოლებთან ძირითადად 1877 წლიდან 1921 წლის ჩათვლით. პირველი რესპუბლიკის პერიოდი, ინგლისური და ოსმალური ოკუპაცია. მგონია რომ ეს წიგნი ადამიანებს დაეხმარება ცოტა განსხვავებული აჭარა იპოვონ.“
როგორც ავტორს სურდა მასლაათობამ აჭარაზე, “კარგობამ და მისლა-მოსლამ” სასიამოვნოდ ჩაიარა და ხალხის ინტერესიც გამოიწვია.
Comments