top of page

თათა მირიანაშვილი

რაფაელ სანტი - "სიქსტის მადონა"

Writer's picture: თათა მირიანაშვილითათა მირიანაშვილი

Updated: Sep 7, 2020

რაფაელ სანტი მაღალი რენესანსის ხელოვნების ერთერთი ფუძემდებელი, სიცოცხლეშივე აღიარებული და დიდად სახელმოხვეჭილი იყო. მომდევნო საუკუნეებშიაც მისი გავლენა არ შენელებულა, კლასიციზმის ეპოქაში. რაფაელის ხელოვნებას თავის იდეალად მიიჩნევდნენ სხვადასხვა დროის აკადემიური მხატვრობის წარმომადგენლებიც. ის პერუჯაში მუშაობდა მხატვარ პერუჯინოსთან, რომელმაც გავლენა მოახდინა რაფაელის, როგორც მხატვრის, ჩამოყალიბებაზე.




რაფაელის ნამუშევრებში ხშირად ვნახავთ მადონას. შარლ ლუი დე მონტესკიე, ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, წერდა რაფაელის შესახებ: „მისი მადონები საოცრად უბრალონი და ამავე დროს საოცრად ნატიფი და ჰარმონიულნი არიან. მათში დედობის იდეალია გამოხატული“. ამათგან ყველაზე უფრო ნგამორჩეულია „სიქსტის მადონა.“

ნამუშევარი მართკუთხედშია ჩაწერილი. მუქი მწვანე ფარდა გახსნილია და მაყურებელს შემდეგი სიუჟეტი უდგება თვალწინ. კომპოზიციის ცენტრში ღვთისმშობელია ყრმა იესოთი ხელში. მარცხენა მხარეს ვხედავთ პაპ სიქსტუს II, მარჯვნივ წმინდა ბარბარეს, მათ ქვევით კი, წინა პლანზე ორი ანგელოზია გამოსახული პატარა ბავშვების სახითა და ოქროსფერი ფრთებით.


შეუძლებელია არ მოიხიბლოთ ღვთისმშობლის სევდანარევი სილამაზით. ამბობენ, რომ ოსტატმა თავისი საყვარელი ქალის სახე გამოიყენა. მისი თვალები განზე იყურებიან, ვერაფერს ამჩნევენ იმდენად არის საკუთარ ფიქრებში გართული. მან ხომ იცის ერთადერთი შვილის მომავალი. ამ აზრებში გახვეულს ორივე ხელით მაგრად ჰყავს მიხუტებული ვაჟი. გახსნილი ფარდა შთაბეჭდილებას ტოვებს რომ ღვთისმშობელი ზეციური სამყაროდან დედამიწაზე ჩამოდის. ამ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს წვივებთან აფრიალებული მოლურჯო მოსასხამი და ქარით გაბერილი ღია ფერის თავსაბურავი.


მარიამისგან განსხვავებით დედიშობელა ქრისტე მაყურებლისკენ იყურება, ისიც ხორცსავსე მშვენიერი ბავშვია, ოქროსფერი თმით, არაბავშვური, ჭკვიანი თვალებით, მაღალი შუბლითა და გაბუტული ტუჩით. მის გამოხედვაშიც იგრძნობა რაღაც უჩვეულო. თითქოს იცის რა უნდა მოხდეს, თან არც იცის. შეშინებული, დაძაბული ელოდება რაღაცას.

მარცხენა მხარეს ოქროსფერ მოსასხამში გახვეულს ვხედავთ პაპ სიქსტუს II-ს. ის დედა-შვილისკენ იყურება, ერთი ხელი გულზე აქვს მიდებული, მეორე კი მაყურებლისკენ გაწვდილი. მას სამი დიადემისგან შემდგარი თავსაბურავი გვერდით უდევს, დაჩოქილს თავი მოუშიშვლებია პატივისცემის ნიშნად.


პაპის ფიგურას მარჯვენა მხარეს აწონასწორებს წმინდა ბარბარეს გამოსახულება. ის ერთ მუხლზე არის დაჩოქილი ღვთისმშობლის მხარეს, თუმცა თავი მაყურებლის მხარეს დაუხრია. მარიამისგან განსხავევით მას უფრო მშვიდი, შეიძლება ითქვას ბედნიერი გამომეტყველება აქვს, ამაღლებული, გაწონასწორებული. მის ტანისამოსსა და ვარცხნილობაშიც ეს იგრძნობა უფრო ფერადოვანი და მარავალფეროვანია.

წინა პლანზე ვხედავთ ორ ანგელოზს, ოქროსფერთმიანებს პატარა ფრთებით. მათ ნიკაპები ხელებზე ჩამოუდიათ და ჭკვიანი თვალებით სხვადასხვა მხარეს იყურებიან და ფიქრობენ. ამავდროულად კი გრჩება შთაბეჭდილება რომ ყველაფერი ძალიან კარგად იციან.


სხვადასხვა ზომის ფიგურები, სხვადასხვა ადგილს იკავებენ. მათ შორის სივრცე ღრუბლენოთაა ამოვსებული. ღრუბლებს ბავშვების სახეები აქვთ, ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი ანგელოზები არიან, ნაწილს კი დაუბადებელი ბავშვების სულებად მიაჩნია.


„სიქსტის მადონა“ ინახება დრეზდენში, სურათების გალერეაში და თავისი ამაღლებული მშვენიერებით აოცებს მნახველს.

თათა მირიანაშვილი

1,352 views0 comments

Kommentare


Home: Blog2

©2018 by tata mirianashvili. Created with Wix.com

  • facebook
  • instagram
bottom of page